მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტი უდიდესი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა პროექტების განხორციელება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ფაქტია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.
ასევე, მეორე მეგაპროეტი ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტში. ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება სიმსივნის მკურნალობა და ასევე ძალიან სერიოზული კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.
ეს უზარმაზარი პროექტებია და ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტებში. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.