მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა.
მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.