მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის
ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ისტორიული მოვლენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის.
საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო.
„დღეს ჩვენ წარვადგენთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პროგრამას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე – ეს გახლავთ განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იმართება. ეს არის უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერსიტეტი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. ყოველწიურად უნივერსიტეტში გამოჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ფილოსოფია იქნება შენარჩუნებული, ანუ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. ეს უნივერსიტეტი არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.