მიხეილ ჩხენკელი - პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, ესაუბრეთ სულ მცირე 15 წუთი თქვენს შვილებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მეტი კომუნიკაციისთვის, შესაძლოა, სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტი დაიდოს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განაცხადა, რეალობა ძალიან მძიმეა და საჭიროა გუნდური მუშაობა.
„ჩვენ გვაქვს იდეა, მშობელსა და სკოლას შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. აქ ფსიქოლოგიური ასპექტიც არის. ანუ თუ მშობელმა იცის, რომ გარკვეულ პრობლემასთან აქვს საქმე, მათ შორის ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეატყობინოს სკოლას და პირიქით, სკოლამ უნდა უთხრას მშობელს, რაღაც ისეთს ვამჩნევ და მიაქციეთ თქვენც ყურადღება.
საჭიროა გუნდური მუშაობა. რეალობა მძიმე გვაქვს. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, ესაუბრეთ მინიმუმ 15 წუთი თქვენს შვილებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კიდევ რა საკითხები შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ფორმატში ხვდება.