მიხეილ ჩხენკელი - მოსწავლეებს იმ მიზნით ვამოწმებთ, რომ სკოლაში პიროტექნიკა არ შეიტანონ
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულ პატრულირებასა და მანდატურის სამსახურის მხრიდან მოსწავლეების ჩანთების შემოწმების ფაქტს ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, მოსწავლეების ჩანთების შემოწმება იმისთვის ხდება, რომ სკოლაში საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ.
“ეს ხდებოდა შარშანაც და ჩვეულებრივი მოვლენაა”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლასთან გაძლიერებული პატრულირება უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პატრულმა და მანდატურის სამსახურმა უფრო მეტად კოორდინირებულად უნდა იმუშავოს.
რაც შეეხება მოსწავლეების ჩანთების შემოწმებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატა ასათიანის განცხადებით საახალწლო ასაფეთქებლების მოხმარება დაფიქსირდა რამდენიმე სკოლის ეზოში.
“სკოლაში რომ არ მოხდეს საახალწლო პიროტექნიკის შეტანა, ამიტომ ხდება მოსწავლეების ჩანთების შემოწმება. წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოწვევები არსებობს, საახალწლო პერიოდში, კერძოდ დეკემბერში კი ყოველწლიურად შემოწმება სწორედ პიროტექნიკის სკოლის შენობებში შეტანას ემსახურება”, – აცხადებს ნატა ასათიანი.
მისივე თქმით, თუ არსებობს ეჭვი სკოლაში რაიმე აკრძალული ნივთის არსებობის, მათ შორის პიროტექნიკის, ამ შემთხვევაში მანდატური შემოწმებას მხოლოდ სკოლის ადმინისტრააცის წარმომადგენლის თანდასწრებით ატარებს.