მიხეილ ჩხენკელი - მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო
მიხეილ ჩხენკელი - მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო

სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ეპიდვითარება საშუალებას იძლევა, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

„მინდა, მივულოცო საზოგადოებას ეს ამბავი. როგორც იცით, ორშაბათს დაიწყო სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 15 თებერვლიდან, ამ სამ ქალაქშიც დაიწყება სწავლა და შესაბამისად, მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე, საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ, ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში როგორც იყო, არის და იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა ჩხენკელმა.