მიხეილ ჩხენკელი - კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიურ პერიოდში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალ მაგიდაში. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ამ რთულ პერიოდში ყოველწლიური ფორუმის მასპინძლობისთვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევების ეპოქაში, რაც საზოგადოებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის. ამავდროულად, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და Covid-19-ის გლობალური პანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია.
კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ჩვენი მისწრაფება ახალი ცოდნის საზღვრების გასარღვევად არის ქვაკუთხედი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში წინსვლისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, დავძლიოთ დიდი სოციალური გამოწვევები და ვებრძოლოთ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რომ საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებს ფუნქციონირებას ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება.
ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო ხელს შეუწყობს KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე.
STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 3-6 ოქტომბერს ტარდება და განსახილველ თემას Covid-19-ის გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზის დაძლევის გზების განხილვა წარმოადგენს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.