4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება არჩევანის უფლება, დატოვოს ბავშვი დისტნაციურ სწავლებაზე
4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ მაქსიმალურად მოქნილი სისტემა იქნება შეთავაზებული.
„როგორც იცით, დღეს საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს, შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი, ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა განვმარტო, რომ როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება უკვე დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დაგეგმილი წინა სემესტრებში. ეს მდგომარეობს იმაში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება ანუ ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. როგორც ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში დაიწყება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურად წარიმართება.