მიხეილ ჩხენკელმა და თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების საკითხები განიხილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების აქტუალური საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებაზე – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, ავსტრიის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრ კერნერმა და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა.
„მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას განათლების ყველა საფეხურზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, სამინისტროს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 2021 წელს განათლების სისტემაში პირველად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით – ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც. სამინისტრო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო რესურსებისა და გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაიწყო 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ლარია. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ- ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა, ასევე დეტალურად ისაუბრა პროფესიული განათლების სისტემის ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მომავალში შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად გაგრძელდება მუშაობა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა მხარდამჭერ პროგრამებზე. მან განსაკუთრებით გამოყო – „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელზე ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ერთი გამოცდის (აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ზოგადი უნარების გამოცდის და აფხაზური ან ოსური ენის გამოცდის) შედეგების საფუძველზე. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დაძლევის შემთხვევაში სტუდენტს სრულად უფინანსდება უმაღლესი განათლების პირველი საფეხური. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამის ანალიზი შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის, პროგრამის მოცულობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გამოაცხადა. კონკურსი ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან, ქართული ენის მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ. კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები. თავის მხრივ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებისას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული რეკომენდაციები, მოსაზრებები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელა კონკრეტულ საჭიროებებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით, კონკრეტული მექანიზმების შემუშავებაზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.