მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება სამინისტროს მთავარი საკითხი იქნება
მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს, – ამის შესახებ განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს დიდი ნდობისთვის. მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს. გამოწვევები ძალიან ბევრია. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი. განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება იქნება სამინისტროს მთავარი საკითხი. კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ძალიან კარგი თაობა მოდის და ამ თაობას უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს ჩვენი საზრუნავი იქნება. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მალე შეიტყობთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველა მიმართულებით არის გამოწვევები.
„ძალიან მალე წარვადგენთ ჩვენი სტრატეგიის, ჩვენი მოქმედების კონკრეტულ გეგმას, რომელსაც ყველას გაგაცნობთ და ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყველა მიმართულებით არის გამოწვევები და აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.