მიხეილ ჩხენკელი- ბულინგის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კონტრაქტი სკოლასა და მშობლებს შორის
მიხეილ ჩხენკელი- ბულინგის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კონტრაქტი სკოლასა და მშობლებს შორის

სკოლებში არსებული ბულინგის პრობლემების გამოსწორებაში მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა იყვნენ ჩართულნი. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს წარმომადგენლების, მედიისა და მიწვეული სტუმრების წინაშე გამოსვლისას, ყურადღება სკოლებში​ ბულინგის პრობლემაზე გაამახვილა.

მისი თქმით, არსებული პრობლემის გამოსწორებას სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა სჭირდება. მინისტრი მიიჩნევს, რომ სკოლებში აუცილებელია მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგების არსებობა, რაც უმეტეს სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე მოწესრიგებულია, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

„ამჟამად დიდ სკოლებში მართლაც გვყავს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ხოლო იქ, სადაც ჯერჯერობით მათი ნაკლებობაა, არსებობენ მობილური ჯგუფები. პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მივმართეთ უნივერსიტეტებს და ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. ამოქმედებულია 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, რათა თავი ავარიდოთ ექსცესებს და აგრესიის გამოხატვას”,- განაცხადა განათლების მინისტრმა და არსებული პრობლემის გამოსასწორებლად მშობლების როლზე ისაუბრა.

„ ოჯახების ჩართულობა ბულინგის აღმოსაფხვრელად უმნიშვნელოვანესია. კონტრაქტები მშობლებთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სექტემბრიდან სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი, სადაც გაწერილი იქნება უფლებები, ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც თითოეულ მხარეს ექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ  სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს. თუ რამე ინფორმაცია აქვს მშობელს შვილის შესახებ, სკოლა ცალსახად უნდა იყოს ინფორმირებული. ასევე, სკოლამაც ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელს“ – განაცხადა ჩხენკელმა.