მიხეილ ჭელიძე - დღგ-ს სტანდარტებთან დაკავშირებით, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ევროკავშირს
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის თქმით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს.
მისი თქმით, დღგ-ს სტანდარტებთან დაკავშირებით, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ევროკავშირს.
“ეს ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ევროკავშირს, დღგ-ს სტანდარტებთან დაკავშირებით. დღგ-ს დაბრუნება ახლაც შესაძლებელია, უბრალოდ განცხადება უნდა დაწერო, ბიუროკრატიული პროცესები გაიარო. ახალი სისტემით საუბარია უკვე ავტომატურ დაბრუნებაზე“, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, აქამდე არსებული სისტემის გამო, ბიზნესს ბიუროკრატიულ პროცესებთან ჰქონდათ შეხება.
„მაგალითად, ყველა კომპანიას ჩართული ექნება ის, რომ დღგ-ს დაბრუნება უნდა და ავტომატურ რეჟიმში მოხდება ყოველთვიურად მისი წარდგენილი დოკუმენტაციისა და დეკლარაციების გადახედვა. ასევე ავტომატურ რეჟიმში მოხდება დაბრუნება. ყველა ბიუროკრატიული პროცესები იქნება ამოღებული“, – აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს.
დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა მომდევნო კვირიდან დაიწყება.