მიხეილ ბენიძე - მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ შემოთავაზებული მოდელი კონსენსუსის შესაძლებლობას იძლევა
მიხეილ ბენიძე - მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ შემოთავაზებული მოდელი კონსენსუსის შესაძლებლობას იძლევა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ჩიხში შევიდა.

მისივე თქმით, შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსვლისათვის მნიშვნელოვანია, მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის წარიმართოს დიალოგი და გამოსავლის გზები მოიძებნოს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი ერთგვარად დაიძრა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შეხვედრები უკვე მიმდინარეობს. ორი ასეთი შეხვედრა იყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული როლი აქვთ ამაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მნიშვნელოვანია ხელისუფლების მზაობა საარჩევნო სისტემის მიმართულებით ცვლილების ნაბიჯებზე წამოსასვლელად და მნიშვნელოვანია ის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, ამ მიმართულებით იყოს კონსტრუქციული დიალოგი. რაც შეეხება, თუ რა მოდელები არის შემოთავაზებული, დღეს არსებული ალტერნატიული საარჩევნო მოდელი, მრავალმანდატიანს ვგულისხმობ, არის შესაძლებლობა, რომ კონსენსუსი მიიღწეს. შეიძლება, ამ შემთხვევაში იყოს პოზიტიური გამოსავალი. ცხადია, მნიშვნელოვანია, პოზიციები დაახლოვდეს. მივესალმები იმას, რომ ითქვა, რომ ამ ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მმართველ პარტიაში“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.