მიხეილ ბენიძე - ე.წ. პიკეტირებას პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლის აუცილებლობა არ არსებობდა.
მისივე შეფასებით, „ე.წ. პიკეტირებას მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია პარლამენტის საქმიანობა“.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია იმ მასშტაბის ძალის გამოყენება, რაც ვნახეთ. არ მესმის, ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების საშუალებით აქციის მონაწილეთა დაშლის რა აუცილებლობა იყო. ამ შემთხვევაში აქციას არ ჰქონია რაიმე ძალადობრივი ხასიათი. პოლიციელებზე თავდასხმა არ ყოფილა. ე.წ. პიკეტირებასაც მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია პარლამენტის საქმიანობა“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ და აქვე დასძინა, რომ ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ვითარების დეესკალაციისკენ.
„ხელისუფლებას დიალოგი არ გაუმართავს და რაიმე სხვა ნაბიჯები არ გადაუდგამს. პირდაპირ ძალის გამოყენება და ერთგვარად კუნთების თამაში ვნახეთ. ჩვენი აზრით, ეს უფრო მეტად ძალის დემონსტრირება იყო, რათა გაემყარებინათ გზავნილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდეთ, რომ არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებდნენ. საერთაშორისო გამოხმაურებებიც ასეთი იყო. ბევრი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რა აუცილებლობა არსებობდა ძალისა და ამ მეთოდების გამოყენების. ასეთ სიტუაციაში, რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება და ძალის გამოყენებით დაშლა შესაძლოა, იწვევდეს კიდევ უფრო ვითარების გამწავავების რისკებს. ეს მთავარი პრობლემაა. ჩვენი ხელოსუფლება უნდა დგამდეს ნაბიჯებს ვითარების დეესკალაციისკენ და არა შემთხვევით ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისკენ. ასეთ დროს ბეწვის ხიდზე სიარულია“ , – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.