მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სამაგიდო სიების საუბნო კომისიებისთვის რამდენიმე დღით ადრე გადაცემას კანონი არ კრძალავს
მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სამაგიდო სიების საუბნო კომისიებისთვის რამდენიმე დღით ადრე გადაცემას კანონი არ კრძალავს

კანონი არ კრძალავს, რომ სამაგიდო სიები რამდენიმე დღით ადრე იქნას გადაცემული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხზე განუცხადა.

როგორ მიხეილ ბენიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სამაგიდო სიების ადრე გაცემა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, უმჯობესია, უფრო მეტი დაცულობის მიზნით, ისინი რაც შეიძლება ბოლო ეტაპზე გაეგზავნოს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

„პრაქტიკაში ძირითად გადაიცემა არჩევნებთან უფრო ახლოს და კანონის მიხედვით, ბოლო ვადა არის არჩევნებამდე ორი დღე, თუმცა კანონი არ კრძალავს იმას, რომ ეს მასალები რამდენიმე დღით ადრე იქნას გადაცემული. ამ ნაწილში განსაკუთრებულ გამოწვევას ვერ ვხედავთ, თუმცა მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს გაცემული მასალები არ დაზიანებულიყო, მათი მთლიანობა არ იქნას დარღვეული. თუ მსგავს ფაქტს აქვს ადგილი, თუ მასალები დაზიანდა, უკანონოდ გამოიყენეს, სიების დამუშავება მოხდა ან თუ რაიმე სხვა უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი, ეს იქნება სამართალდარღვევა, მაგრამ მხოლოდ სიების გადაცემის ნაწილი არ წარმოადგენს კანონის საწინააღმდეგო ქმედებას. ალბათ პრაქტიკაში უმჯობესია, უფრო მეტი დაცულობის მიზნით, ისინი გაცემული იყოს რაც შეიძლება ბოლო ეტაპზე. მისასალმებელია, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაცია ბეჭდების გამოცვლაზე საუბრობს, რათა პროცესისადმი ნდობა გაიზარდოს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისივე თქმით, არჩევნების პროცესის დასრულების შემდეგ შეიძლება, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა გამოიკვეთოს.

„თეორიულად შესაძლოა, რომ თუ სიები გამჟღავნდა და ისინი დალუქულ მდგომარეობაში არ არის და შემდეგ ვიღაცას წვდომა აქვს ამ სამაგიდო სიებთან, თეორიულად არ არის გამორიცხული, ან დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, ან წინასწარ გაკეთდეს ხელმოწერები თუ ვინმეს რაიმე განზრახვა აქვს, რომ არჩევნების დღეს დამატებითი ხმების, ბიულეტენების ჩაყრა მოხდეს, ან შეიძლება, რაღაც რაოდენობის ხელმოწერები წინასწარ გაკეთდეს. ამ ნაწილში ჩვენი ყურადღება იქნება. იმედი მაქვს, ამ სიების გაციების მიუხედავად, სიებზე წვდომა მესამე პირებს, ან ვინმე ისეთ პირებს, ვისაც კანონით ეკრძალებათ, არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის ერთიანად შესაფასებლად მნიშვნელოვანია, დაველოდოთ არჩევნების დღეს, შევხედოთ მთლიან პროცესს და სხვა რეკომენდაციებთან ერთად, შეიძლება გამოჩნდეს ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა. მე არ მგონია, რომ ახლა ეს არის მთავარი საკითხი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, თუ არ აღმოჩნდება, რომ არჩევნების დღეს რამე სქემასთან დაკავშირებული იყო“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.