2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი ნათია ფურცელაძე გახდა
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო – ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.
ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კონკურსში მონაწილე პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა ხუთი საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.