მიხეილ ბატიაშვილი - ვგეგმავ, ჩემი ენერგია კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას
ვგეგმავ, ჩემი ენერგია, სისტემის გარედან, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმებს და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მისი ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი, დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ, ასევე კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად.
„ეს იყო პირადი გადაწყვეტილება და უკავშირდება ჩემს გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია განათლების მიმართულებით, რადგან ამ სფეროში ვიყავი წლების განმავლობაში, და ამ სფეროში დავრჩები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
კითხვაზე, ვინ იქნება მისი შემცვლელი, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან.
„ძალიან მალე გაიგებთ, კონკრეტულად ვინ იქნება მინისტრი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.