მიხეილ ბატიაშვილი - თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც კულტურის, ისე განათლების მიმართულებით
თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც კულტურის, ასევე განათლების მიმართულებით, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უდიდესი წარმატება, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ახალგაზრდებში წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციისთვის.
„იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება – ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეული წარდგენის ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ შევძელით და მრავალ ქვეყანას ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გავაცანით ჩვენი კულტურა.
ყველაზე მთავარი ამბავი ჩვენს დედაქალაქში ახლა იწყება; 2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები. ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. გვინდა, ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლები – ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი შვილები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ქართული კულტურის, ასევე განათლების სფეროსთვის,“- განაცხადა ბატიაშვილმა.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა. იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.