მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
„საკითხი, რომელიც მინდა თქვენთან აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, განათლების რეფორმას უფრო სწრაფი და ეფექტიანი განვითარება სჭირდება.
„გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით. ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.