მიხეილ ბატიაშვილი - სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებულია ჩრდილოვან განათლებაზე, რომელიც ნაწილობრივ კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს
ყველა კვლევა ცხადყოფს – სკოლაში გვაქვს დაბალი მაჩვენებლები, რაც განპირობებულია იმით, რომ სკოლას თავისი როლი დავუკარგეთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავისი უწყების მუშაობის ანგარიშს აცნობს.
მისი თქმით, სკოლა არ იღებს პასუხისმგებლობას და ფაქტობრივად, ორიენტირებულია მხოლოდ საგამოცდო პროცესებზე.
შესაბამისად, მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს ინიციატივები ორიენტირებულია, რომ სკოლას მაქსიმალურად დაუბრუნდეს თავისი როლი.
„თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფაქტორები, რომლებიც აქ არსებობს. მაგალითად, კორუფცია. გეთანხმებით, რომ კორუფცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ სკოლას ვუბრუნებთ თავის ფუნქციას, მაგრამ უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ამისგან დავიცვათ მშობლები და ბავშვები. თუმცა დღევანდელ ვითარებას, რაც სკოლაში გვაქვს, მე დავარქმევდი აბსოლუტურ კორუფციას, განათლებას, რომელსაც ჩრდილოვანი ჰქვია და სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაშიც გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, მთელი სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებულია ჩრდილოვან განათლებაზე, რომლებშიც მშობლები ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ და რომელზეც ყველა კვლევა, მათ შორის „ენდიაის“ კვლევა, ამბობს, რომ ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის ხარისხის გაუარესებაზე.
შესაბამისად, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ გაძლიერდეს სკოლა და მშობელი, ამავე დროს, სკოლა დაცული იყოს კორუფციისგან.