მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტროში რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი უახლოეს პერიოდში დასრულდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟურნალისტებს, კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.
მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის პროცესის შემდეგ, სტრუქტურასა და რეფორმებთან დაკავშირებით დეტალური ხედვა იქნება წარდგენილი.
„მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ერთი ეტაპი უახლოეს პერიოდში დასრულდება, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ხედვაზე და იმ სტრუქტურაზე, რომელმაც ყველა მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად რეფორმის გატარება უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მანანა ბერიკაშვილის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. აღნიშნული უწყების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, მინისტრს შვიდი მოადგილე ჰყავს, თუმცა მათ ჩამონათვალში მანანა ბერიკაშვილი არ არის.
ამასთან, სამინისტროში 2018 წლის 12 ივლისიდან რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელსაც, როგორც მინისტრის შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული, შესაძლოა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება მოჰყვეს.