მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტროში მინისტრის შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე რჩება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე დარჩა, – ამის შესახებ მოადგილეებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია მისი მისვლისთანავე გამოცხადდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.
„კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო – ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ ეტაპზე დარჩა 7”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ დასახელდება მინისტრის მოადგილეების ზუსტი რაოდენობა.
“გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი – სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად, ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილის კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა, რომლის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.