მიხეილ ბატიაშვილი - სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს, ეს ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება
გადამზადების და დასაქმების პროგრამები ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრ სფეროში არსებობს კადრების დეფიციტი და დღეს დამტკიცდა ახალი რეგულაციები, რაც გულისხმობს დამსაქმებლებისა და კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას გადამზადება – დასაქმების პროცესში.
„შემოდის „სახელმწიფო სერთიფიკატის“ ცნება, რაც ასევე არ არსებობდა აქამდე. ანუ ჩვენთან ყველაზე მინიმალური ბიუროკრატიით გაივლიან გადამზადებას. ფაქტობრივად დასრულებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც უახლოესი კვირების განმავლობაში თავისუფლად შეძლებს კერძო სექტორი დასაქმება-გადამზადების პროექტებში ჩართვას. ამასთან ერთად, ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრომ გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც გაცილებით მეტია როგორც დეფიციტი კადრების, ასევე მოთხოვნა და სახელმწიფო ასეთ მიმართულებებს დააფინანსებს. ამ პროგრამებზე სწავლა იქნება უფასო. მაგალითად, მშენებლობის და IT სფეროში ეს პროგრამები უახლოეს პერიოდში დაიწყება. უკვე მომზადებულია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში ასეთი პროგრამები, რაც ყოველთვიურად დაემატება. ამას არ ექნება სეზონური ხასიათი, ეს იქნება მუდმივად მიმდინარე“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა და შეხვედრები მიმდინარეობს.
„გუშინ იყო ბოლო შეხვედრა, 50-ზე მეტი დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება კერძო პრაქტიკის მიხედვით გაიარონ სწავლება და იქვე დასაქმდნენ. პირველ ნაწილში 500-მდე ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გადამზადდნენ, ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება. ყველა ეს ინფორმაცია დამატებით გამოცხადდება. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება და რეგისტრაციის გავლაც იქნება შესაძლებელი, ასევე დამსაქმებლებიც ამავე პორტალზე განათავსებენ ინფორმაციას. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში უკვე რამდენიმე მილიონი დევს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.