მიხეილ ბატიაშვილი საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც მასწავლებლის პროფესიით მუშაობა წელს დაიწყეს
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საჯარო სკოლების იმ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით მუშაობა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის როლს მომავალი თაობის აღზრდაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბატიაშვილის განცხადებით, განათლების კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლებისთვის პირობების გაუმჯობესება და მათი პროფესიის დაფასებაა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დასრულებულია, რომელიც ეხებოდა როგორც საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოთი უზრუნველყოფას, ასევე მოქმედი პედაგოგების მიერ საათების შევსებას.
განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით, 1890-მა პედაგოგმა მოიპოვა, აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი, განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).
„მოხარულები ვართ, ამ პროფესიის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა სხვადასხვა სფეროდან. საბანკო სფეროდან გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ პროფესია და გამხდარიყვნენ პედაგოგები. სწორედ ეს იყო ჩვენი რეფორმის მთავარი მიზანი, რომ პედაგოგის პროფესია ყოფილიყო დაფასებული. დაიწყო მათი პირობების გაუმჯობესება. რამდენიმე დღის წინ მიიღეს გაზრდილი ხელფასი. ეს პროცესი ყოველწლიურად გაგრძელდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დასრულებულია, რომელიც ეხებოდა საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოთი უზრუნველყოფას და უკვე 6000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო ჯილდო და სისტემა დატოვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ხარისხზე კლასში და ჯამში, რა თქმა უნდა ჩვენი განათლების ხარისხის ამაღლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.