მიხეილ ბატიაშვილი - რასაც აქ ვუყურებ, შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს, ყველაფერზე მაქვს დეჟავიუს შეგრძნება, რომ ვცხოვრობ ცხრა წლის წინ
პარლამენტის შენობიდან როდესაც გავალ, აღარ ვიცხოვრებ ცხრა წლის წინ, მე ვიცხოვრებ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატს საქმიანი მოსაზრებებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა იმ ვიდეოს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ია კერზაიას შესახებ დაწერილი ანონიმური წერილი სამინისტროში ოფიციალური გზით ვერ მოხვდებოდა, რადგან წერილს, რომელსაც არ აქვს ავტორის პირადობის მოწმობის ნომერი და ავტორის მისამართი, სამინისტროში არ იბარებენ.
„მინდა, საქმიანი კრიტიკის კუთხით გამოთქმული მოსაზრებებისთვის მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელიც ამაში იყო ჩართული. მაგრამ მეორე მხრივ, რასაც ვუსმენდი, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, მათ შორის ტყუილია ის დამონტაჟებული მასალა, რომელიც გვაჩვენეს. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, თუ გყოფნით უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. დღენახევარი რასაც აქ ვუყურებ – შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ამ მონტაჟზე აგებულ ცილისწამებას, მაქვს აბსოლუტური დეჟავიუ, რომ ვცხოვრობ დაახლოებით ცხრა წლის წინ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ დღეს, როდესაც აქედან გავალ, აღარ ვიცხოვრებ ცხრა წლის წინ, მე ვიცხოვრებ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, გზა, რომელიც სამინისტროს აქვს არჩეული მიმართულია რეფორმებისკენ და ამას ალტერნატივა არ აქვს.
„დღენახევარი რაც ვუსმინე, გარდა ცილისწამების, მონტაჟის, შეურაცხყოფის, მე ვერ მივიღე ვერც ერთი დასაბუთებული, რეფორმის მიმართულებით გამოთქმული მოსაზრება. მჯერა, მუშაობით, ერთმანეთთან კომუნიკაციით მივაღწევთ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეჯამდება. სამინისტრო ყველანაირად გახსნილია, რათა მოისმინოს საღი აზრი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.