მიხეილ ბატიაშვილი - ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას
ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას, – ასე ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ქართველი ფალავანის, გენო პეტრიაშვილის წარმატებას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ჩემპიონი გახდა.
„გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა! საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე! ვულოცავ გენოს და მთლიანად ქართული ჭიდაობის ოჯახს ამ დიდ გამარჯვებას!“, – აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, 2019 წელი განსაკუთრებულად წარმატებულია ქართული სპორტის ისტორიაში.
როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ სახეობებში უკვე ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.
„წინ გველის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ჩვენი მოჭიდავისგან კიდევ ერთ ოქროს მედალს ველით. სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იბრძოლებს. გამომდინარე აქედან, გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული სპორტი კვლავ უნიკალურ შედეგს აჩვენებს და ახალ რეკორდს დაამყარებს.
2019 წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა. ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 30 მედალია, – ექვსი ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა! წელს მსოფლიოს ჩემპიონები გვყავს ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობასა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა“, – აცხადებს ბატიაშვილი.
მინისტრის თქმით, ქართული სპორტის შთამბეჭდავი გამარჯვებები სპორტსმენების დაუღალავი შრომის, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის, ფედერაციების სწორი მუშაობისა და სპორტის მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და დამოკიდებულების შედეგია.
„მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და წინ არაერთი საერთაშორისო ტურნირია, ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო შედეგები აჩვენეს: საქართველოს ანგარიშზე უკვე 932 მედალია – 329 ოქრო, 260 ვერცხლი და 346 ბრინჯაო.
შედარებისთვის, 2018 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 621 მედალი – 206 ოქრო, 198 ვერცხლი და 217 ბრინჯაო მოიპოვეს. წარმატებები და კიდევ არაერთი გამარჯვება ქართველ სპორტსმენებს!“ – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი, რომლის კომენტარსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.