მიხეილ ბატიაშვილი - ორი წლის განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტი უნდა დაინერგოს
ჩვენი მიზანია, ორი წლის განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებთან ერთად უნდა გაიაროს.
„ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ და დავისახეთ კონკრეტული გეგმა. ორშაბათიდან გადავდივართ კონკრეტულ გეგმებზე, რადგან ჩვენი მიზანია, ორი წლის განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ. ამისთვის სამინისტრო, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს, ყველანაირ მხარდაჭერას გაუწევს, რათა ორი წლის განმავლობაში ყველგან ევროპული სტანდარტი დაინერგოს”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ დღეს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინეს.