მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სფეროში, ხუთივე საფეხურის რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სფეროში, ხუთივე საფეხურის რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში რეფორმები იგეგმება.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე იმსჯელა.

მისივე თქმით, განათლების სფეროში ხუთივე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით მუშაობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

„განათლების სისტემაში იგეგმება რეფორმები, რომელიც შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გასატარებელ რეფორმები. ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ითანაშრომლებს სფეროს ექსპერტებთან, ასევე პარლამენტთან, რათა რეფორმები, რომელსაც ვგეგმავთ, განათლების სისტემისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი იყოს. სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის, სკოლის, უმაღლესი განათლების, პროფესიული და მეცნიერების განვითარების კუთხით”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მთავარი ამოცანაა, რომ განათლების სისტემაში რეფორმები სწრაფი ტემპით განხორციელდეს.

„განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც განათლების სამინისტროს ეხება, მომზადება, მონიტორინგი, აღმზრდელებისა და პედაგოგების გადამზადება, ასევე დირექტორების შერჩევის კრიტერიუმები, სამინისტროს სრული მონაწილეობით განხორციელდეს. რეფორმის პროცესში განათლების სამინისტროს ძალიან დიდი როლი აქვს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.