მიხეილ ბატიაშვილი - დავასრულეთ ეტაპი, რასაც ევროკავშირში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ჰქვია
დავასრულეთ ეტაპი, რასაც ევროკავშირში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ჰქვია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სამინისტროში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის EQAR-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, შემოდგომიდან ყველა კარი გახსნილი იქნება ყველა ორგანიზაციისთვის, ყველა მეცნიერისთვის, რომ ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლონ, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნები.
„ფაქტობრივად, დავასრულეთ ეტაპი, რასაც ჰქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. მივიღეთ დადასტურება უკვე მესამე ორგანიზაციისგან, რომ საქართველო გახდა EQAR-ს წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული პროგრამები, რომლებიც არის აკრედიტირებული ჩვენ მიერ ავტომატურად მოხდება უკვე ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის პროგრამა, ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, ეს უკვე ნიშნავს ევროპულ ბაზრებაში მოხვედრას, რომ ყველა ავტომატურად არის აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების ორგანიზაციის „ევრაქსესის“ წევრი, რაც ასევე ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი მეცნიერი, სამეცნიერო ინსტიტუტი ისარგებლებს იგივე ბენეფიტებით, რითაც სარგებლობს ევროკავშირის ნებისმიერი უნივერსიტეტი, ორგანიზაცია ან მეცნიერი. ეს ფაქტობრივად არის მრავალ ევროკავშირის სამეცნიერო სხვადასხვა რესურსთან ავტომატური წვდომა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სექტემბერში მოეწერება ხელი ოფიციალურ დოკუმენტს, სექტემბრის ბოლოს უკვე ოფიციალურად გაიხსნება „ევრაქსესის“ ოფისი საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია, ევროპულ სივრცეებში ინტეგრაცია უმაღლესი და მეცნიერების მიმართულებით, დასრულებულია. შემოდგომიდან ყველა კარი გახსნილი იქნება ყველა ორგანიზაციისთვის, ყველა მეცნიერისთვის, რომ ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლონ, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.