საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
დღეს დელეგაცია შეხვედრას გამართავს ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოში ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროპული მოდელის დანერგვისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროპული მოდელის დანერგვა, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ სახით საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს, ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპული ორგანიზაცია EURAXESS, ევროპის სამეცნიერო ორგანიზაცია EUROSCAIENCE და ევროპულ სამეცნიერო ფონდი ESF.