მიხეილ ბატიაშვილი - ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო IBSU-ში არსებული პრობლემებით
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული პრობლემებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია სტუდენტების ფაქტორი და მათთვის მაღალი განათლების მიღების უზრუნველყოფა.
„გვესმის, რომ ორგანიზაციას გააჩნია გარკვეული პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ერთი წლით ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ყველაფერს, რათა არსებულმა სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სწავლა გააგრძელონ სხვადასხვა უნივერსტეტში. ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელზეც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება. საბჭო არის უფლებამოსილი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
გუშინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.