მიხეილ ბატიაშვილი - ბულინგი მიუღებელია, როგორც სკოლის პედაგოგებისგან, ისე ადმინისტრაციული პერსონალისგან
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი გამოძიების დავალება გაიცა. მინისტრის თქმით, ბულინგის შემთხვევებს დიდი ყურადღება მიექცევა და ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება.
„ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ბულინგი მიუღებელია, როგორც სკოლის პედაგოგებისგან, ისე ადმინისტრაციული პერსონალისგან და სამინისტროს მხრიდან ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება. ჩვენი მხრიდან, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს სკოლაში არის მიუღებელი და ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა ქუთაისის სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ბულინგის შესაძლო ფაქტის შესწავლა დღეს დაიწყო.