მიხაილ პოდოლიაკმა ელენოვკას კოლონიაში მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაში აფეთქება შიგნიდან მოხდა.
როგორც პოდოლიაკი ამტკიცებს, სატელიტური ფოტოები ცხადყოფს, რომ დაზიანებულია მხოლოდ ერთი შენობა, სადაც წინა დღეებში გადაიყვანეს უკრაინელი ტყვეები.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, მომხდარი ტერაქტად უნდა შეფასდეს.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ელენოვკაზე დარტყმა მიიტანა უკრაინამ ამერიკული სარაკეტო სისტემებით, რასაც 53 უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა, ხოლო 73 დაშავდა.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ლიკვიდაცია რუსეთმა განზრახ მოახდინა, რათა წამების ფაქტები დაემალა.
არსებული ინფორმაციით, კიევის მოთხოვნის შემდეგ, მოსკოვი დათანხმდა, ელენოვკაში წითელი ჯვრისა და გაერო-ს ექსპერტები დაუშვას, თუმცა როგორც წითელ ჯვარში აცხადებენ, მათ ადგილზე ჩასვლის საშუალება ჯერ არ აქვთ და მათ მიერ გაგზავნილ მოთხოვნაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ.