პოდოლიაკის განცხადებით, მტკიცებულებებს მაშინ გამოაქვეყნებენ, თუ ექნებათ იურიდიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სანქციების გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება
პოდოლიაკის განცხადებით, მტკიცებულებებს მაშინ გამოაქვეყნებენ, თუ ექნებათ იურიდიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სანქციების გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი უკრაინის დაზვერვის მონაცემებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი.

„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ, თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვთ ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს.

რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და ეს თუ მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორე უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ ეს ქართული ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, ბოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თუ გაიგებენ, საქმე საუბრიდან კონკრეტულ ურთიერთობებზე გადადის და თუ ექნებათ დოკუმენტების პაკეტი, იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება, მას აუცილებლად გამოაქვეყნებენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და აქ საქმე ბევრად უფრო ფაქიზადაა. ერთია უფრო ზოგადი განცხადება და მეორეა უკვე იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როცა გავიგებთ, რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ, ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი, იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.