მიხაილ პოდოლიაკი - საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ
საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
„ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუაცტიასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, „დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება“.
„ადამიანს შეუძლია, ფული გამოიმუშაოს თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია, შენი ფულით ადამინების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო, შენც გიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა, მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ, ბევრი ფული აქვთ, ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკური პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს, უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ, სამწუხაროდ საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიოგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის, აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ.
პირადად მე, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას, კარგად გვესმის, რომ ქართველი ერი უკრაინის მხარეს დგას, ამ ერს კარად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი, ეს ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიებს კატეგორიული წინააღმდეგია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.