მიხაილ პოდოლიაკი - სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი დამარცხდება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ მისი დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოდოლიაკმა მოლდოვურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია. ომის შეჩერება დღეს ნიშნავს სრულ უარს ჩვენი ხალხის უკრაინაში დაბრუნებაზე. არავინ დაბრუნდება, მაგალითად, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგში, გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რადგან უკრაინის მოქალაქეს ესმის, რომ ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს იმავე ინტენსივობით. ამ შემთხვევაში რუსეთს ვერავინ შეაკავებს. სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი გარდაუვალ მარცხს განიცდის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე მხოლოდ გაძლიერებული პოზიციებით წავა.
„მოლაპარაკების პროცესი არის პოზიციების შეჯახება. თუ შეგნებულად სუსტ მდგომარეობაში ხართ, მაშინ მოლაპარაკების პროცესში შეხვალთ იმავე პოზიციით და მიიღებთ მხოლოდ ულტიმატუმს. ჩვენი პოზიციების გაძლიერება შესაძლებელია, თუ მივიღებთ შესაბამისი რაოდენობის იარაღს აღმოსავლეთ ფრონტზე, მივაყენებთ ტაქტიკურ მარცხს რუსეთს და მაშინ მოლაპარაკების პროცესი სხვაგვარი იქნება: ეს არ იქნება ულტიმატუმი, იქნება კონფლიქტური, თუმცა უკრაინის დომინანტური პოზიციით“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.