მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთი ცინიკური საბრძოლო დაზვერვით ცდილობს, განსაზღვროს ნატო-ს სტრატეგიული ღირებულება
მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთი „ცინიკური საბრძოლო დაზვერვით“ ცდილობს, განსაზღვროს ნატო-ს „სტრატეგიული ღირებულება“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ლატვიასა და რუმინეთში რუსული დრონების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გააკეთა.
„კარგად არის ცნობილი (რუსებისთვისაც კი), სად გადის დღეს ნატო-ს გეოგრაფიული საზღვრები. მაგრამ არავინ იცის, სად არის ნატო-ს მოთმინების ზღვარი. როდის იქნება თეორიულად ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი პრაქტიკულად მზად საკუთარი საზღვრების დასაცავად?“ – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, ბოლო ასეთი შემთხვევის დროს რუსეთმა მიიღო „მკაფიო შედეგი“.
„ახლა მოწინააღმდეგემ იცის, რომ ნატო არ უპასუხებს უპილოტო აპარატებით საჰაერო სივრცის დარღვევას და თავის ტერიტორიაზე თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. რა მოხდება შემდეგ, ადვილად გამოსაცნობია: თვითმფრინავებით საზღვრის დარღვევა და შესაძლო „თავდასხმები“ მცირე რაოდენობის მსხვერპლით“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსები ყოველთვის ასე მოქმედებენ, ნელ-ნელა ამწვავებენ კონფლიქტს.
„მათი მიზანია, ალიანსის ცალკეულმა წევრებმა თავდაჯერებულობა დაკარგონ და რუსეთთან ცალმხრივი შეთანხმებების შესახებ დაფიქრდნენ. და ვის შეუძლია თქვას, რომ ეს გეგმა არ მუშაობს?” – აღნიშნა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლატვიასა და რუმინეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.