მიხაილ პოდოლიაკი - როგორც ჩანს, დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში სხდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ცქერა
როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში სხდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ცქერა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში სხდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ცქერა, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ქალაქები კი იხოცებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დასავლელ პარტნიორებს უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვისკენ მოუწოდა.
„ჩვენო „სამართლიანო“ დასავლელო პარტნიორებო. ვიდრე თქვენ ფიქრობთ, რუსი ჯარისკაცები ჩვენი აეროდრომების განადგურებას ცდილობენ, რათა აღარ გვქონდეს თვითმფრინავები, რათა ვერ შევძლოთ ჩვენ თვითონ ცის დაკეტვა. შემდეგ კი დაბომბონ მშვიდობიანი ქალაქები და მოსახლეობა. ნამდვილად გსურთ ამის ხილვა თქვენს ტელევიზორში?“, – ნათქვამია მიხაილ პოდოლიაკის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
დასავლელ პარტნიორებს საჰაერო სივრცის დაკეტვისკენ მოუწოდებენ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც.