მიხაილ პოდოლიაკი - მობილიზაციის შესახებ დღევანდელი სახით არსებულ კანონპროექტს კენჭი არ ეყრება, ის განიხილება, დალაგდება და გვექნება ახალი კანონი
მიხაილ პოდოლიაკი - მობილიზაციის შესახებ დღევანდელი სახით არსებულ კანონპროექტს კენჭი არ ეყრება, ის განიხილება, დალაგდება და გვექნება ახალი კანონი

მობილიზაციის შესახებ დღევანდელი სახით არსებულ კანონპროექტს კენჭი არ ეყრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლეს რადაში კანონპროექტს კენჭს მხოლოდ განხილვისა და ცვლილებების შემდეგ უყრიან.

„იქნება თუ არა ეს კანონპროექტი ამ ფორმით? არა. ამიტომ არის შეტანილი განსახილველად, მას შემდეგ, რაც ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, შევა შესაბამისი ცვლილებები. ჩვენ მივიღებთ მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ კანონპროექტს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული, რომ გვაქვს ხანგრძლივი, მასშტაბური, ინტენსიური ომი და რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება, ზეწოლას მოახდენს, ვიდრე ამ ომს არ წააგებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად უკრაინაში არის ბევრი სიძულვილი, აჟიოტაჟი, ტოქსიკურობა, სკანდალები, თანდათან ნახავთ, ეს კანონპროექტი განიხილება და დალაგდება, რომ იყოს შესაბამისი სწორი ნორმატიული პოზიციები. ამის შემდეგ პარლამენტი მას კენჭს უყრის პირველი, მეორე მოსმენით და გვექნება ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი „ითხოვს სათანადო სამართლებრივ რეგისტრაციას და მობილიზაციის პროცესებს“.

„კანონი, რომელიც დღეს გამოიყენება, არ შეესაბამება არსებულ რეალობას და ამიტომ ძალიან კარგია, რომ გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის, რადას სპეციალიზებული კომიტეტების, საექსპერტო საზოგადოების დონეზე მიმდინარეობს დისკუსია, ეს სწორია“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინაში დიდი ომი მიმდინარეობს.

„რუსეთი თუ არ წააგებს ამ ომს, მას სურს აქ საოკუპაციო რეჟიმის დამყარება, ტრაგიკული შედეგებით უკრაინის ასობით ათასი მოქალაქისთვის. ეს უნდა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა.