მიხაილ პოდოლიაკი - დროა, ორბანმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა, რომელიც 489 დღეა, იცავს თავის თავისუფლებას, აბსოლუტურად სუვერენულია თავის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს პასუხობენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ვიქტორ ორბანი თავისი ქვეყნის რეპუტაციას ისტორიულ ტალახში თელავს.
პოდოლიაკის თქმით, დროა, ორბანმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა, რომელიც 489 დღეა, იცავს თავის თავისუფლებას და ეფექტიანად უწევს წინააღმდეგობას პოსტსაბჭოთა ნეოიმპერიას, რომელსაც ისტორიული სერიული მკვლელის თვისებები გააჩნია, აბსოლუტურად სუბიექტური და სუვერენულია თავის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში.
„კითხვა იმაშია, რამდენად სუბიექტურია თავად ორბანი, თუკი ის ასე ღიად ამცირებს ევროპულ ღირებულებებს, მკაცრად მისდევს რუსულ პროპაგანდისტულ მითებს. რამდენად არ უნდა სცემდე პატივს უნგრეთს, რომ ასე ცინიკურად გათელო საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია ისტორიულ ტალახში“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე.