მიხაილ ხადარკოვსკიმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო ფონდი შექმნა
მოძრაობა „ღია რუსეთის“ დამფუძნებელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ და მისმა ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა, სანავთობო კომპანია „იუკოსის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ ნევზლინმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო ფონდი შექმნეს. ფონდის სახელწოდებაა Justice for Journalists.
როგორც თავად მიხაილ ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, გამოძიება ჩატარდება სამართალდარღვევების ჩადენის ადგილისა და მათ უკან მდგარი პირების მოტივების მიუხედავად.
ფონდის ფუნქციონირებისთვის ხოდორკოვსკიმ და ნევზლინმა პირველადი შენატანის სახით ხუთი მილიონი დოლარი გამოყვეს.
ფონდს საკონსულტაციო საბჭო და ექსპერტთა ჯგუფი უხელმძღვანელებს.
ფონდის საბჭოში გაწევრიანებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს „ნოვაია გაზეტას“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი მურატოვმა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა და პოლიტოლოგმა, ჯეფრი გედმინმა, ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის კორესპოდეტნმა ლიუკ ჰარდინგმა, ასევე რუსეთში გამოცემა The Wall Street Journal-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა, დევიდ სეტერმა.
ხოდორკოვსკის თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება ფონდისთვის შესაძლოა, უპირველესი მნიშვნელობის საქმე გახდეს.
სამი რუსი რეპორტიორი – კირილ რადჩენკო, ალექსანდრ რასტორგუევი და ორხან ჯემალი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 31 ივლისს მოკლეს. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ.