მიხაილ გალერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია, ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება და ვისურვებდით სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებას
მიხაილ გალერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია, ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება და ვისურვებდით სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებას

სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა გამორჩეული სიტყვით გამოსვლა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტმა ფეხზე წამოდგომით ტაში დაიმსახურა და ვფიქრობ, იყო თამამი სიტყვა, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და იმ ეჭვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პოლიტიკის გამო წარმოიშვა. ის ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაზე, ძალიან მკაფიო იყო ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიო იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს ფიქრებშია და მოვითხოვთ, შესრულდეს 12 პირობა. ეს არის ამოცანა მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის, რომ აღასრულონ ხალხის ნება“, – აღნიშნა მიხაილ გალერმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ევროპარლამენტარს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაზეც მიხაილ გალერმა განაცხადა:

„ჩვენ გვაქვს ორი ცნობილი საქმე, ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიასი. მან მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია. ცხადია, ევროპარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ შეიძლება, გამოაცხადო. ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ორივე მათგანი შეეწყალებინათ. გვარამია იმ მიზეზით, რომ არაფერშია ბრალეული და სააკაშვილი, სულ მცირე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი შესაძლებლობაც ზურაბიშვილს აქვს.

ერთია, რას ამბობს სასამართლო და მეორე, პრეზიდენტის დისკრეცია, როდესაც ის შესაბამისად იყენებს მას, ეს ასევე ეხმარება საქართველოს წინსვლაში. ვფიქრობ, მან შეიძლება, აზრი შეიცვალოს. მე საქართველოში ვიყავი, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა და ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტს, თუმცა, მაშინ ძალიან მკაცრი იყო და ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც ურჩევდა სააკაშვილს, არ დაბრუნებულიყო. თუმცა, დრო გავიდა. ახლა ჯერი საქართველოზეა, თავის მხრივ, მკაფიო სიგნალი მისცეს, საით მიემართება და ასევე, ევროკავშირს საპასუხოდ მიეცეს შანსი, გასცეს ეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან საჭიროა“, – აღნიშნა მიხაილ გალერმა.