მიხაელ როტი - ვიზიარებ ქართველი ხალხის სურვილს, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სამართლიანი შანსი, თუმცა ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული
ვიზიარებ ქართველი ხალხის სურვილს, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სამართლიანი შანსი, თუმცა ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, ეს არის გრძელი და რთული გზა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როტმა განაცხადა.
მიხაელ როტის თქმით, საჭიროა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს.
„ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბრიუსელზე, ეს არის ასევე დამოკიდებული თქვენი მთავრობის ჩართულობასა და მზადყოფნაზე. უკვე აღვნიშნე 12 რეკომენდაციის შესრულების საჭიროება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მე უკვე ვახსენე, რომ დეოლიგარქიზაცია არის საკვანძო, კანონის უზენაესობის შესრულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვიზიტები ბრიუსელში ან ბერლინში ასევე ღირებულია. ჩემი საქმე არ არის, ჭკუა დავარიგო პოლიტიკოსებს ან სამოქალაქო საზოგადოებას. მე, უბრალოდ, მინდა, მოვუწოდო, რომ თბილისმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ვფიქრობ, რომ ახლა არის სამუშაოს შესრულების დრო, 12 რეკომენდაცია არის მკაფიო. გზავნილი, რომელიც მე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან მივიღე არის შემდეგი – გთხოვთ, ქვეყანას მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს დაგვეხმარება, რომ მთელი პროცესი საქართველოში უფრო სანდო და თვალსაჩინო გახდესო. მე სრულად ვეთანხმები ამას. თუმცა, მე არ ვზივარ მძღოლის სავარძელში, ამ სავარძელში საქართველოს მთავრობა, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები სხედან. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელია“, – განაცხადა როტმა.
მიხაელ როტის განცხადებით, „საქართველოს გარეშე ევროკავშირი არ არის სრულყოფილი“.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან პოზიტიური მოვლენა მოხდა, აღმოსავლეთ ევროპა ევროკავშირში მრავალი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ლიდერისთვის აღარ წარმოადგენს „უცნობ მიწას“. ეს არის ჩემი თვითკრიტიკა, რომლის გაზიარებაც თქვენთან მინდა. მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული აქ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციით, თუმცა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ეს რეგიონი იყო საკმაოდ შორს ევროპის გულისგან და ეს არ არის სიმართლე. არა იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკოსები იყვნენ ძალიან პროგრესულები, არა, ეს იმიტომ, რომ თქვენი მოქალაქეები იყვნენ პროგრესულები, ისინი სათქმელს ამბობდნენ, ისინი კარგ და ცუდ დროს გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო მოლოდინს, ეს არის ჩემთვის ვალდებულება, რომ შევასრულო მოლოდინები და გამოვიყენო ევროპის გაერთიანების შანსი. საქართველოს გარეშე კი ევროკავშირი არ არის სრულყოფილი, თუმცა ჩვენ ისევ მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ომის პირობებში არ არის მარტივი ყველა კრიტერიუმის, ყველა პირობის შესრულება. ადამიანები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს მართავენ ქუჩებში, ესწრებიან აქციებს ევროპული ღირებულებებისთვის, არ არიან კრიმინალები და ისინი არ უნდა იყვნენ კრიმინალიზებული. თუ ისინი კანონის სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ, არ მესმის, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ციხეებში. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტებმა თქვენს ქვეყანაში გააძლიერონ კანონის უზენაესობის წამყვანი პრინციპი, ეს ნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ცოცხალ და ხელშესახებ დემოკრატიულ კულტურას“, – განაცხადა როტმა.