მიხაელ როთი - საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია
საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა ბუნდესტაგის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.
როთის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველებს აქვთ არჩევანი ევროპას ან იზოლაციას, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის.
„სინამდვილეში, ეს ეპოქალური ცვლილება უნდა დაწყებულიყო 2008 წელს, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თავს დაესხა თავისუფალი საქართველოს რესპუბლიკას და რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროვინციების სახით. ეს ე.წ. გაყინული კონფლიქტი დღესაც არ არის მოგვარებული და ნათლად აჩვენებს, რამდენად მტკივნეულად და დაუნდობლად მძვინვარებს რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი ჩვენს კონტინენტზე.
როგორც ბევრ თქვენგანს, მეც მქონდა ბოლო თვეებსა და წლებში საქართველოში მოგზაურობის პრივილეგია. კოლეგა კნუტ აბრაჰამს მოეწონა ქვეყნის სილამაზე, დეპუტატ მერლე შპელერბერგსაც. ჩვენ ყველანი ზოგჯერ ეჭვქვეშ ვაყენებთ ევროპას, რადგან ზედმეტად ბევრი ადამიანი ევროპას უკავშირებს ბიუროკრატიას, მხოლოდ შიდა ბაზარს, ეკონომიკურ დეტალებს. თუ გინდათ, ნამდვილად გამოცადოთ, რას წარმოადგენს ევროპა, ევროკავშირი თავისი არსით, მაშინ შემიძლია, დაგპატიჟოთ ყველა საქართველოში სამოგზაუროდ – თავისუფლება, განსხვავებულად ყოფნა შიშის გარეშე, დემოკრატია და ასევე კანონის უზენაესობისთვის, მედიის დამოუკიდებლობისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის ფასის გადახდა. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობდი: თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი, განსაკუთრებით იმ დროს და იმ დღეებსა და კვირებში, როდესაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გამოვიდა ქუჩაში, რათა ნათლად ეთქვა: ჩვენ არ დავუშვებთ, ვინმემ წაგვართვას ჩვენი წარმოდგენა ევროპაზე, არც ერთმა უმდიდრესმა ოლიგარქმა, რომელმაც არაკეთილსინდისიერი საშუალებებით დიდი ფული გამოიმუშავა, რადგან ამ ქვეყნის ოლიგარქიზაცია არ შეიძლება, იყოს მომავალი.
მე ასევე ვიწვევ ყველას, რომ განვასხვაოთ მოსახლეობა და პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები. დიახ, ვაღიარებ, „ქართული ოცნება“ ერთ დროს სოციალ-დემოკრატიულ ოჯახს ეკუთვნოდა და ახლა, „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა. ამით მე არ ვგულისხმობ, რომ შესაძლოა, ჩვენი თვალსაზრისით, არასწორი გადაწყვეტილებებიც მიიღებოდეს, არამედ უბრალოდ და მარტივად ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული სულები კრიმინალიზებული და გარიყული არიან.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში პოზიცია დააფიქსირა. აქ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ კოალიციური ფრაქციების კოლეგებს, არამედ განსაკუთრებით პატივცემულ კოლეგებს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. ჩვენ ძირითადად ყველა პუნქტში ვეთანხმებით ერთმანეთს. მე ასევე ვთხოვდი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, ხომ არ შეიძლება, ამ კარგ წინადადებას მაინც მიეცეს თანხმობა, რადგან ერთსულოვნების სიგნალი კარგად იქნება გაგებული თბილისში მმართველთა მიერ.
ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველებს აქვთ არჩევანი ევროპას ან იზოლაციას, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. თქვენს წინადადებაში თუ ნახსენებია რეჟიმის შეცვლა, რომლისგანაც ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ, ჩემი გზავნილი ნათელია. თუ ვინმე არის, ვინც საქართველოში რეჟიმის შეცვლას ახორციელებს, ეს არის მმართველი პარტია, რომელიც შორდება იმას, რაც მოქალაქეებმა მრავალჯერ ნათლად განაცხადეს, მათ სურთ, იყვნენ გაერთიანებული ევროპის ნაწილი.
იმის გათვალისწინებით, რომ დებატებს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში, მინდა, რამდენიმე წინადადება ქართულად ვთქვა – საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია“, – განაცხადა მიხაელ როთმა.