ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, რათა საქართველოსა და რუსეთთან ურთიერთობაში დავა დავძლიოთ, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაელ როთმა ჟურნალისტებს ბათუმში განაცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის. მეორე მხრივ, საქართველო რჩება ჩვენს მეზობლად. ჩვენ გვსურს ღია და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა დავძლიოთ უთანხმოება და ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, რათა საქართველოსა და რუსეთთან ურთიერთობაში დავა დავძლიოთ“, – განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ბათუმში მიმდინარე კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა.
„ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ევროპაში და ჩვენი ადგილი ერთადაა. ვიცი, რომ ბევრ ახალგაზრდას საქართველოში უყვარს ევროკავშირი და მათ სურთ ამ უნიკალური წარმატების ისტორიის მაგალითი გახდნენ. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი არის ღირებულებების კავშირი და არა მხოლოდ ერთიანი ბაზარი. სწორედ ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების პატივისცემა არის გადამწყვეტი ყველასთვის. მინდა, გავამხნევო სამოქალაქო საზოგადოება, რომ გახდნენ ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე. წარმომიდგენია, როგორი მნიშვნელოვანია ეს ხალხისთვის“, – განაცხადა მიხაელ როთმა.
მისი შეფასებით, ტრანსფორმაცია გრძელი და დაბრკოლებებით აღსავსე გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა ამად ღირს.
„ეს არის შანსი ხალხის გაერთიანებისთვის და დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ეს არის შანსი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და პოზიტიური პერსპექტივისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდების გაცვლის და მკაფიოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, აღმოსავლეთ ევროპაში იყოს კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება, აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით საქართველოში“, – განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაელ როთმა.
ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.