ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ბრიუსელთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტოს. რუსი დიპლომატის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, ევროკავშირი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს თუ დაუწესებს. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე ვესაუბრეთ გერმანელ ევროპარლამენტარს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს მიხაელ გალერს.
პირველ რიგში, მინდა, გთხოვოთ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს.
– რუსეთს ვურჩევდი, ვიდრე ევროკავშირთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს, კარგად დაფიქრდეს. ევროპის რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე აქტუალური ასპექტი ვაჭრობაა და ის შედის ევროკავშირის კომპეტენციაში. ამ ურთიერთობებს რუსეთი ვერ ჩაანაცვლებს, საუბარია ერთიან ბაზარზე, ერთიან წესებზე. ყველა სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ფორმდება. ანალოგიურად ხდება გადაადგილების საკითხების შემთხვევაშიც, ვიზებზეც. ყველა ეს საკითხი ევროკავშირის კომპეტენციაშია. ამავე დროს, თუ რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობებს გაწყვეტს, ეს დაუყოვნებლივ აისახება მოსკოვის ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რადგან ევროპაში რუსეთის მიმართ პოლიტიკას ერთობლივად ვადგენთ. წარმოუდგენელია, ამ სიტუაციაში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების განცალკევება მოხდეს.
ახლა, მოდით, შევეხოთ მოსკოვში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტს მოსკოვში. მიიჩნევთ, რომ ეს ვიზიტი შეცდომა იყო?
– ევროპარლამენტში ამ საკითხზე ხანგრძლივი დებატები გავმართეთ. რამდენიმე კოლეგა ვიზიტის წინააღმდეგი იყო. მეორე ნაწილი თანახმა გახლდათ, ბორელი მოსკოვში ჩასულიყო, თუმცა მკაფიო გზავნილებით. როგორც ვნახეთ, ბორელი გაემგზავრა რუსეთში, ისაუბრა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაზე, მაგრამ ბატონ ლავროვს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი წესების დარღვევა. მას ჩაფიქრებული ჰქონდა, ეჩვენებინა, რომ რუსეთისთვის დიალოგი დღეს არ არის მისაღები და ევროკავშირს „არასაიმედო პარტნიორი“ უწოდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ბატონი ბორელი უკეთ უნდა მომზადებულიყო და უნდა გაეფრთხილებინათ, რადგან ლავროვს მსგავსი პრესკონფერენციები არაერთხელ ჩაუტარებია. ლავროვს საკუთარი გზავნილების გადმოსაცემად განსაკუთრებული გზა აქვს არჩეული. ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, ბატონი ბორელი ამ ვიზიტისთვის სათანადოდ არ მოამზადეს. თუმცა, ეს რუსეთს უკან დაუბრუნდება. მოსკოვში ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან ეს შემთხვევა ჩვენ უფრო მეტად გაგვაერთიანებს. ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის მიმართ შედარებით რბილი მიდგომა აქვთ, მაგალითად ავსტრიასა და იტალიას. ამ ქვეყნებსაც კი, ლავროვის განცხადების შემდეგ რუსეთის მისამართით ხისტი პოზიცია დაიკავეს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის საბჭოს რეაქცია, შემდეგი შეხვედრის დროს, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა გაიმართოს, მკაცრი იქნება.
ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთის მიმართ მიდგომას. რა ნაბიჯები შეიძლება ამ მიმართულებით გადაიდგას?
– ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ როგორც ეპყრობიან რუსეთში ალექსეი ნავალნის ან სხვა დემონსტრანტებს, არაადეკვატური და არასათანადოა ქვეყნისთვის, რომელიც გახლავთ ევროსაბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაზე, რომლის კონსტიტუციით სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. რუსეთის მიერ ამ ყველაფრის იგნორირება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტის შესრულებაზე უარის თქმა, პასუხს მოითხოვს და მომხრე ვარ, ევროკავშირმა აამოქმედოს ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესების მექანიზმი, მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირის „მაგნიტსკის აქტი“. ეს აუცილებელია, რათა მკაფიოდ ვთქვათ, რომ ნებისმიერი, ვინც დაარღვევს თუნდაც რუსეთის კანონმდებლობას, მოხვდება ევროკავშირის სასანქციო სიაში. სწორედ ასე მოიქცნენ რუსი მოსამართლეები და პროკურორები, რადგან მათ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შესრულებაზე უარი თქვეს. ისინი უნდა მოხვდნენ შავ სიაში. ასევე, აუცილებელია, სანქციები შეეხოს მსხვილ მოთამაშეებსაც, რომლებიც რუსეთში სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფენ. ევროკავშირმა აუცილებლად უნდა აამოქმედოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივაც. ეს დირექტივა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ მოქმედებს. ნიქოზიიდან ვენამდე, ბერლინიდან ბადენ-ბადენამდე, ყველგან, სადაც ლამაზი სახლები და კომფორტია, ვხედავთ რუსულ ფულს, რომლსაც ძირითადად ათეთრებენ. ევროკავშირმა აუცილებლად უნდა აამოქმედოს მკაცრი წესები. როდესაც ვინმეს სურს მილიონი ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი, ჩვენ უნდა მოვიკითხოთ ფულის წარმომავლობა. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, არის კი ეს ფული ლეგალურად გადმორიცხული? გადაიხადა თუ არა მისმა მფლობელმა გადასახადები? ეს თუ შავი ფულია, რომლითაც პრეზიდენტ პუტინის გარემოცვა, რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, მდიდრდება. ევროპული „მაგნისტკის აქტის“ ამოქმედება საშუალებას მოგვცემს, ზომები მივიღოთ ინდივიდუალური პირების მიმართ. სწორედ ეს გახლავთ ევროკავშირის „მაგნიტსკის აქტის“ უპირატესობა, რადგან არ არის აუცილებელი სანქციების მთელი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესება. თუმცა, აუცილებელია, შავ სიაში შესაყვანი ინდივიდუალური პირები სწორად განვსაზღვროთ. ეს ძალიან ეფექტურად იმუშავებს, თუ რეალურად გავაკეთებთ.
როგორც წარსული გამოცდილება აჩვენებს, როდესაც რუსეთს უჩნდება შიდა პრობლემები, მაშინ მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება, უფრო აგრესიული გახდეს. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავება და 12 წლიანი პატიმრობის მისჯა. თქვენ თქვით, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გამო რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, რუსეთს დაუწესდეს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგადად, როგორც აისახება ევროკავშირის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორებზე?
– ზომები, რომლის მიღებაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და მათ შორის ცნობილი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერება, მხოლოდ ნავალნის საქმით არ იქნება დასაბუთებული. ნავალნის საქმე შეიძლება იყოს არგუმენტი რუსეთის მიმართ პოლიტიკაზე ფართო დისკუსიის დასაწყებად. რუსეთი ნამდვილად იქცევა უფრო აგრესიულად და არ ჩერდება. სახეზეა ანექსირებული ყირიმი, ე.წ. გაყინული კონფლიქტები, მათ შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში დონბასი, ჰიბრიდული თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. აღმოსავლეთ საზღვარზე თითქმის ყოველდღე, საჰაერო პატრულირების დროს ჩვენს ავიაგამანადგურებლებს უწევთ რუსული თვითმფრინავების შეჩერება, რომ ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში არ შემოიჭრან. მე მხარს ვუჭერ, რომ ყველა ეს საკითხი იყოს გათვალისწინებული და გატარდეს სათანადო ზომები. მე ვახსენე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ი, რომელზეც ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში, ძალიან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. გერმანიის მთავრობას მისი ბოლომდე მიყვანა სურს, ევროპარლამენტი კი ამ გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგია. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რუსეთს დავანახოთ, რომ მისი ქცევა მიუღებელია. ევროკავშირი ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ასეთი ქცევა. ვგულისხმობ ჰიბრიდულ თავდასხმებს, მტრულ დამოკიდებულებას უკრაინისა და საქართველოს მიმართ, დნესტრისპირეთში და სხვაგანაც, მაგალითად სირიაში, სადაც რუსეთი სამოქალაქო პირებს ბომბავს. ეს ყველაფერი მიუღებელია. ევროკავშირმა რუსეთს უნდა დაანახოს ძალა, რათა მოსკოვმა ამგვარად მოქცევა აღარ გააგრძელოს. მათ შორის არის „ბორდერიზაციის“ პროცესი საქართველოში. ვინც მუშაობს საქართველოს საკითხებზე, იცის თქვენს მიერ ნახსენები ინდივიდუალური შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანებს არ აძლევენ უფლებას, გადაკვეთოს ე.წ. საზღვარი, რათა იმკურნალონ. რუსეთმა უნდა გადახედოს პოლიტიკას ყველა ჩვენგანის მიმართ და უნდა დაინახოს, რომ დიალოგით, მეგობრული და ღია მიდგომით მეტი გავლენის მოპოვებაა შესაძლებელია, ვიდრე მუქარითა და დაშინებით.