მიხაელ გალერი - ახლა, როდესაც გვაქვს არჩევნების შედეგები, ძალაში რჩება 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43 პროცენტისა
ჩვენ მოწადინებული ვრჩებით როგორც ევროპარლამენტის, ისე, ვფიქრობ, პრეზიდენტ შარლ მიშელის მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება მისი ძალისხმევის შემდგომ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა, როდესაც არის არჩევნების საბოლოო შედეგები, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43 პროცენტისა, ძალაში რჩება.
„მე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობის, პარლამენტში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით, ყველა პარტია დაუბრუნდება ამ პლატფორმას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მიხაელ გალერმა.
ამასთან, მიხაელ გალერის განცხადებით, საქართველოში იმყოფებიან იმის შესაფასებლად, დადგა თუ არა შედეგი სათანადო პროცესის შედეგად.
„როგორც მოისმინეთ, აღინიშნა პოზიტიური ასპექტები სამართლებრივ ჩარჩოში, თუმცა არის სხვა ასპექტებიც, რომლებიც ხელს უშლის უკეთეს შეფასებას ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე ისწავლის ამის საფუძველზე და დასკვნებს გამოიტანს“, – დასძინა მიხაელ გალერმა.