მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება
მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრისას პროექტის დასრულებული ვერსია განიხილეს, რა დროსაც კონსესუსის წესით გეგმის მიღება მოხდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

„მოგეხსენებათ, საქართველომ „კოვიდის“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კონსულტაციები გაიმართა ახლად შექმნილ „კოვაქს“ პლატფორმასთან. ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა „კოვაქს“ პლატფორმასთან. გაფორდმა ხელშეკრულება სექტემბერში და საქართველომ გადაიხადა უპირატესი მექანიზმით წინასწარი შესატანი. უპირატესი მექანიზმი ნიშნავს, რომ საქართველოს ხუთი-ექვსი ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე, უფლება აქვს, შეარჩიოს შესამაბისი ვაქცინა, უფრო მისაღები ქვეყნისთვის.

ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სამუშაო კომისია სხვადასხვა სამინისტროს მონაწილეობით კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფებმა თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს და დღეს უკვე არსებობს ეროვნული გეგმის  პირველი დასრულებული პროექტი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იყო დასრულებული ვერსია. კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება. გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ გეგმა წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.