მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შსს-ს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა საკვანძო ელემენტს წარმოადგენს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის და პოლიციელებს დაეხმარება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან რეალურ დროში მიიღონ და გაცვალონ ინციდენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.
„ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს რისკების, საფრთხეებისა და დანაშაულის ტენდენციების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პლანშეტური კომპიუტერების გადმოცემა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ პოლიციას დანაშაულის უფრო ეფექტიანად გამოძიებაში, პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და დანაშაულის პრევენციაში დაეხმარება.