მიანმარში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
მიანმარში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები სამხედრო გადატრიალებას გმობენ და დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დედაქალაქში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პირველ თებერვალს დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი აუნ სან სუ ჩი. სამხედროები არ ეთანხმებიან 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, აუნ სან სუ ჩის პარტია „დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა.